აღმოაჩინე100-წლიანი ისტორია, გურული ღვინო და ცოცხალი კულტურა. “არმუნჯი” არის ადგილი, სადაც წინაპრების მემკვიდრეობა და უნიკალური გურული გასტრონომია ცოცხლდება. ეწვიეთ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, სოფელ გორაბერეჟოულს და აღმოაჩინეთ მარანი „არმუნჯი“, რომელიც ასწლოვან, ისტორიულ კედლებში გიმასპინძლდებათ. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ იშვიათი ვაზის ჯიშებისგან დაწურული ღვინო, ჩაერთოთ ტრადიციულ კულინარიულ მასტერკლასებში და შეიგრძნოთ ნამდვილი ქართული კულტურა ეროვნული სამოსისა და ორნამენტების გარემოცვაში.
რას შემოგთავაზებთ
- ასწლოვან მარანში უნიკალური გურული ღვინოების (საკმიელა, ოცხანური საფერე, სხილათუბანი, ჯანი, კლარჯული, ციცქა, ცოლიკოური, ჩხავერი) დეგუსტაციას.
- კულინარიული მასტერკლასები: სტუმრის უშუალო მონაწილეობა კეცზე ხაჭაპურის გამოცხობასა და ჩურჩხელების ამოვლებაში.
- აგროტურისტული აქტივობები: ვენახის მოვლაში და შემოდგომაზე რთველში მონაწილეობის მიღებას.
- გურული სუნელით შეზავებული ავთენტური კერძების, ავტორობით შექმნილი ლიმონისა და მანდარინის მურაბების, ასევე საოჯახო საწებლებისა და ჩირების დაგემოვნებას.
- მასპინძლის ხელით შექმნილი ეროვნული სამოსის (ყაბალახები, გულისპირი) და უძველესი ქართული ორნამენტებით მოქარგული პანოების დათვალიერებას.
რატომ არის ეს ადგილი განსაკუთრებული
სოფელ გორაბერეჟოულში მდებარე „არმუნჯი“ არ არის მხოლოდ მარანი, ეს არის ცოცხალი კულტურული თავგადასავალი. მეურნეობის მთავარი ხიბლი მის ასწლოვან ისტორიასა და საოჯახო ტრადიციებშია, სადაც ყველაფერი ნატურალური და ხელნაკეთია (მათი მასიური წარმოება არ ხდება). სტუმრებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, დააგემოვნონ უიშვიათესი გურული ღვინოები (საკმიელა, ჯანი, სხილათუბანი და სხვა) და თავად გახდნენ ადგილობრივი მემკვიდრეობის ნაწილი.
ატმოსფერო
გარემო, სადაც ვიზიტორი პირველივე წამიდან იგრძნობს გულწრფელ მასპინძლობასა და ოჯახურ სითბოს. მარანში შენარჩუნებულია წინაპრების მიერ ნაშენი უძველესი კედლები, რაც ისტორიულ და სრულიად ავთენტურ განწყობას ქმნის. ეს არის სივრცე, სადაც სტუმარი მხოლოდ დამკვირვებელი კი არ არის, არამედ ღვინის დეგუსტაციით, ისტორიების მოსმენითა და მასტერკლასებით თავად ხდება გურიის უნიკალური მემკვიდრეობის თანამონაწილე.
საუკეთესო დრო ვიზიტისთვის
მარან „არმუნჯში“ სტუმრობა წელიწადის ნებისმიერ სეზონზე დაუვიწყარია, თუმცა განსაკუთრებულად საინტერესო მაინც შემოდგომაა. სექტემბრის ბოლოდან ნოემბრის ბოლომდე რთველის სეზონი მიმდინარეობს, სადაც სტუმრებს შეუძლიათ უშუალოდ იგრძნონ ამ პროცესის ხიბლი.




