ადგილი, სადაც მივიწყებული გურული გემოები და თანამედროვე წარმოების სტანდარტები ერთიანდება. ეწვიეთ სოფელ ახალშენს და აღმოაჩინეთ გურიაში ერთადერთი თხის ყველის საწარმო “კალას ფერმა”, რომელიც სამი შვილის დედამ შექმნა. თქვენ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ყველი, გაეცნოთ წარმოების პროცესს და ნამდვილი ფერმერის ცხოვრებაში იმოგზაუროთ. ჩოხატაურში, ბახმაროს გზაზე მდებარე „კალას ფერმა“ იდეალური გაჩერებაა მათთვის, ვინც ნამდვილ გასტრონომიულ და აგრო-თავგადასავალს ეძებს. ეს არის ბიზნესი ძლიერი კონცეფციით, სადაც ძველი გურული გემოები და HACCP-ის უმაღლესი სტანდარტების მქონე თანამედროვე ტექნოლოგიები იდეალურად ერწყმის ერთმანეთს.
რას შემოგთავაზებთ
- ნატურალური თხის ყველის მრავალფეროვანი სახეობების (პიტნით, ღვინით, ნახშირით, გურული სუნელითა და ბახმაროს ტყის მცენარეებით შეზავებული) დეგუსტაცია სპეციალურ სადეგუსტაციო სივრცეში.
- ფერმერული გამოცდილების მასტერკლასი: სტუმარს თავად შეუძლია მოწველოს თხა და დაესწროს/ჩაერთოს ყველის ამოყვანის პროცესში.
- ფერმის მობინადრე თხებთან უშუალო კონტაქტი და ფოტოსესიის შესაძლებლობა.
- ეზოში მდებარე ისტორიული, ძველი გურული ოდას მონახულება.
- ახლად აშენებული „აბრეშუმის სახლის“ დათვალიერება.
რატომ არის ეს ადგილი განსაკუთრებული
ფერმის უნიკალურობა ავთენტურ გემოებსა და ცოცხალ გამოცდილებაშია. აქ ნატურალური თხის რძე ღვინოსთან, პიტნასა და სხვა გამორჩეულ ინგრედიენტებთან ერთიანდება და ყველის მრავალფეროვან სახეობებს ქმნის. თუმცა, ყველაზე დასამახსოვრებელი თავად პროცესია - თქვენ შეგიძლიათ უშუალოდ ჩაერთოთ წარმოებაში და საკუთარი ხელით ამოიყვანოთ ყველი. ამასთანავე, ულამაზეს სადეგუსტაციო სივრცეში გეძლევათ შესაძლებლობა, დააგემოვნოთ ან შეიძინოთ უკვე მზა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია და სრული სიმშვიდითა და ბუნების ხედებით დატკბეთ.
ატმოსფერო
გარემო, სადაც სოფლის მშვიდი ცხოვრება და წარმოების დინამიკა ერთმანეთს ავსებს. ძველი გურული ოდა და ფერმის სიცოცხლით სავსე ყოველდღიურობა დაუვიწყარ მოგონებებს შეგიქმნით. ეს არის სივრცე, სადაც სტუმარი სტანდარტული ტურისტის ამპლუიდან გამოდის, უშუალოდ ერთვება პროცესში და შეიგრძნობს, თუ რამხელა შრომა და სიყვარული დევს თითოეული ნატურალური პროდუქტის შექმნაში.
საუკეთესო დრო ვიზიტისთვის
„კალას ფერმაში“ სტუმრობა წელიწადის ოთხივე სეზონზე საინტერესოა. აქ ნებისმიერ დროს დაგხვდებათ უნიკალური, სასარგებლო პროდუქტი და გულთბილი მასპინძლობა. ფერმის ყოველდღიურობაში მონაწილეობა და მეგობრებთან ერთად საკუთარი ხელით ამოყვანილი ყველის დაგემოვნება ყველა სეზონზე დაუვიწყარ ემოციებს გპირდებათ.


